ლევან იზორიას ორმხრივი შეხვედრები რუმინელ და შვედ კოლეგებთან
8 ივნისი 2018

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში რუმინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა მიჰაი-ვიორელ ფიფორმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. მხარეები საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და მომავალში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს შეეხნენ.

შვედ კოლეგასთან პიტერ ჰულტქვისტთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობასა და ინტენსიურ დისკუსიებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო საერთაშორისო წვრთნებში, მათ შორის 2019 წელს საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაში ერთობლივ მონაწილეობას. მინისტრებმა საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის ინტენსიფიკაციასა და ტოტალური თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს.