მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში პირველ აგვისტოს დაიწყება
7 ივნისი 2018

სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის განმავლობაში სწავლების განხორციების მნიშვნელოვანი დეტალები დაზუსტდა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა მიიღებს: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

სწავლების ოფიციალურ გახსნამდე სამხედრო ტექნიკის ნაწილი ფოთის პორტიდან ვაზიანში მარშით, ნაწილი კი - რკინიგზის საშუალებით შემოვა. დაგეგმილია არაერთი მედია-აქტივობა და სწავლებით დაინტერესებულ რეპორტიორებს გაშუქების მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცემათ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწვალების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.