ლევან იზორია: „ნატოსთან ერთად ვამტკიცებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში“
8 ივნისი 2018
„საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და მისიაში მონაწილეობას არსებული შემადგენლობით განაგრძობს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
 
შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „ვზრდით კონტინგენტს ჩვენ საწვრთნელ მისიაში და ვაგრძელებთ ავღანეთის ძალებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას, რათა მათ საკუთარი ძალებით შეძლონ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება“.
ლევან იზორიამ ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს. „ვართ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ამ პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს კი, მყარი საფუძველია იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს აღიარებული ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმ რეფორმებთან, რაც უწყებაში და ინსტიტუციონალურად ქვეყანაში ხორციელდება, ასევე - საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან, რაშიც საქართველო სამაგალითოა“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
 
 
ვიდეო რეპორტაჟი