კურსების გამოშვების ცერემონია
31 მაისი 2018

კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საარტილერიო და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა. მან კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და სიტყვით მიმართვისას, ყურადღება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არტილერიისა და კავშირგაბმულობის გვარეობების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საბრძოლო მხარდაჭერის სკოლის საარტილერიო და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. კურსები, რომელსაც საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.
საარტილერიო უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსზე ოფიცრები საარტილერიო ცეცხლის მომზადების პროცედურებს, ბატარეის ტაქტიკას, სროლასა და ცეცხლის მართვას დაეუფლნენ. 
კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსის ფარგლებში, მსმენელებმა ელექტროობის, კავშირგაბმულობის, ტაქტიკური რადიოსადგურების თეორიები და კავშირგაბმულობის ტაქტიკა შეისწავლეს. 
ღონისძიების დასრულების შემდეგ ოფიცრებს დიპლომები გადაეცათ.