გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში
7 მაისი 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.  ქარველ გენერალს ესტონელმა კოლეგამ, გენერალმა როჰო ტერასმა უმასპინძლა. 

ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განსაკუთრებით გამოყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში ესტონეთის მნიშვნელოვანი დახმარება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის იმპლემენტაციაში ესტონეთის ჩართულობა. 

გენერლებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო სფეროში და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერას, ასევე  საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის დახმარება ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარების საქმეში. 

ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ხის დარგვის ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა. 

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ესტონეთის თავდაცვის ძალების I  ქვეითი ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც მას ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვეიკო ველო პალმამ უმასპინძლა.  გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს კიბერუსაფრთხოების ცენტრსა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის შტაბშიც გამართა შეხვედრები, ვიზიტის ბოლოს კი მრავალეროვნული სწავლების „Hedgehog/Siil“ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.