უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის სამინისტროში
2 მაისი 2015
 დღეს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში პირადად თავდაცვის მინისტრისგან მოისმინა. თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მოხსენებაში აქცენტირებული იყო შეიარაღებულ ძალებში წვრთნისა და განათლების საკითხი. მიხეილ სააკაშვილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხითაც დაინტერესდა. გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ უმაღლეს მთავარსარდალს ქართული კონტინგენტის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ის კმაყოფილია ბოლო პერიოდში სამინისტროში მიმდინარე რეფორმებით: “არასოდეს ასე ინტენსიურად არ მიმდინარეობდა კონკრეტული საბრძოლო მომზადება. ჩვენ არ ვართ დაკავებული თეატრალიზებული სწავლებებით, მანევრებით. ბევრად უფრო ეფექტურია ყოველდღიური, ყოველგვარი კამერების გარეშე, წყნარი და ძალიან მიზანმიმართული საბრძოლო მომზადება. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვყავს დღეს ხელმძღვანელობა - თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომლებიც არ არიან დაკავებული თავის თავის პროპაგანდით. ისინი თავაუღებლად დღედაღამე მუშაობენ, რათა გააკეთონ კონკრეტული საქმე. პირველ რიგში ჩვენი საქმე არის ის, რომ საქართველო იყოს დაცული და ქვეყანა ვითარდებოდეს.”… 
 
პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს: “თითოეული ქართველი მადლობელია და ქედს იხრის იმ ოფიცრების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, გამოკითხვის შედეგად, შეიარაღებული ძალები ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე პრესტიჟულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.” 
 
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე, ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებაზე, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნის პროცესზე. 
 
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დააჯილოვა. ღირსების ორდენები გადაეცათ კაპიტან გიორგი პაპუნიძეს, ლეიტენანტ ირაკლი ბუიშვილს, კაპრალ ლაშა გოგიტიძეს და საბიუჯეტო განყოფილების სპეციალისტს ავთანდილ როინიშვილს.