„სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ პრეზენტაცია
23 აპრილი 2018

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას I ქვეითი ბრიგადის, მე-11 ბატალიონისა და 21-ე ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ, რომლებიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.

პირად შემადგენლობას სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ მიმართა, პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათ და მათი ოჯახის წევრებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. ჯარისკაცებს „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოსა და პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათი განცხადებით, სამშვიდობო მისიის შესრულების პერიოდში, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან თავდაცვის უწყება ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში იქნება, დაგეგმილია ოჯახის წევრებთან შეხვედრების ორგანიზება, მათთვის მორალური თუ სხვა სახის დახმარების აღმოჩენა, ასევე ჯარისკაცების ოჯახების ერთმანეთთან დაახლოება.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2018 წელს დაიწო. პროგრამა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში ხორცილელდება. თებერვალში „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ დოკუმენტზე ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ლიპერმა მოაწერეს.


„ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას, მოტივაციის გაზრდას, ასევე კრიზისულ სიტუაციებში სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.


პროგრამის ფარგლებში, სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება. სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე ხელმძღვანელობს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ჯგუფში ჩართულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი კაპელანი მამა დავით ლონდარიძეც. 


ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე, წარმოდგენილი ქვედანაყოფების სამეთაურო რგოლი და სხვა სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებონენ.