სემინარი ჟურნალისტებისთვის ჰიბრიდულ გამოწვევებზე
16 აპრილი 2018

„მედია და ხელისუფლება ჰიბრიდული გამოწვევების პირისპირ“ - სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის  ჩატარდა. 

სემინარის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ჟურნალისტებს შორის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებსა და ამ ჭრილში მედიის როლზე დისკუსია გაიმართა. საუბარი შეეხო თავდაცვის უწყებაში  განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე სკოლებში დაწყებულ მასშტაბურ პროექტს „ჩვენი ჯარი“.

მედიის წარმომადგენლებმა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესზეც მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მათ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცნო.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისგან საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს. ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე უკრაინასა და საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციების გამოცდილებაზე. აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის მრჩეველმა საჯარო პოლიტიკის საკითხებში, თსუ-ს ლექტორმა და მკვლევარმა ნოდარ ტანგიაშვილმა კი, ჟურნალისტებთან ერთად საქართველოში რუსული ნარატივი განიხილა.