ოფიციალური მიღება ამერიკულ სადესანტო ხომალდზე
19 მარტი 2018

საქართველოს თავდაცვის მინსტრი ლევან იზორია ბათუმში ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნული ტიპის ხომალდი საქართველოს საზღვაო აკვატორიაში პირველად იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სტრატეგიული დონის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სწორედ სადესანტო შესაძლებლობების გამოყენება. აღნიშნული ვიზიტი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ამ წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის” - აღნიშნა ლევან იზორიამ. 


ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესვე ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც ესტუმრნენ. დამამთავრებელი კურსის 20-მა იუნკერმა აშშ-ის სამხედრო ხომალდის შესაძლებლობები და ისტორია გაიცნო.
"USS OAK HILL“ სადესანტო დოკ-გემია, რომლის მთავარი პორტი ვირჯინიაში იმყოფება და ამფიბიური ესკადრის შემადგენლობაშია.


გემს "USS OAK HILL“ აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს რეზიდენციის ადგილის პატივსაცემად ეწოდა. მონრომ მისი დოქტრინა ოუკ ჰილში დაწერა და გემის დევიზის - ერის დამცველი ("Nation's Protector") ინსპირაციაც, სწორედ მონროს დოქტრინაა. ეს აშშ-ის საზღვაო ძალების მეორე გემია, რომელიც ამ სახელს ატარებს. ხომალდი სადესანტო დოკ-გემია, რომლის მთავარი პორტი ვირჯინიაში იმყოფება და ამფიბიური ესკადრის შემადგენლობაშია. "USS OAK HILL“ აშშ-ის შეიარაღებაში 1996 წლიდანაა. მის შესაძლებლობას წარმოადგენს - 15 ამფიბიური შემტევი სამხედრო მანქანა და 2 ერთეული M1A1 „აბრამსის“ ტიპის ტანკი, ხოლო შეიარაღებაშია - 2 ერთეული 25 მმ ქვემეხი; 2 ერთეული 20 მმ  Phalanx CIWS ტიპის თავდაცვითი დანადგარი; 2 ერთეული ახლო მანძილზე მოქმედი თავდაცვითი სარაკეტო სისტემა; 6 ერთეული 12.7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი.

ვიდეო რეპორტაჟი