საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა დაიწყო
12 მარტი 2018

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) 2018 წლის პირველი ეტაპი დაიწყო. დღეიდან სპეციალურად შერჩეული საქართველოს 400-მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის და მისი დასრულების შემდეგ სხვადასხვა ქვედანაყოფში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას შეუდგება.


საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზნად სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის ჯარისკაცების „მსროლელებად“ მომზადებას ისახავს. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. რეკრუტები საფუძვლიან ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.


კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. 
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 2017 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბოლომდე გრძელდება. შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი მიმდინარე წლის განმავლობაში ეტაპობრივიდ ჩატარდება.

ვიდეო რეპორტაჟი