ალბანეთის გენერალური შტაბის უფროსი JTEC-ს ესტუმრა
7 მარტი 2018

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ალბანეთის გენერალური შტაბის უფროსი   კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა.  ბრიგადის გენერალ ბარდილ კოლჩაკუს  მასპინძლობა  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ  გაუწიეს. 

პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ სტუმრებისთვის ცენტრის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და  სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში ორდღიანი  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  გენერალმა  ბარდილ კოლჩაკუმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრა უკვე გამართა.