თავდაცვის მინისტრი „ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონულ სემინარზე“
5 მარტი 2018

სასტუმრო „მერკურში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა. ლევან იზორიამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების მონაწილეებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს  სიტყვით მიმართა, ორგანიზატორს - ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯს მადლობა გადაუხადა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა აღნიშნა.

 

მისასალმებელს სიტყვაში ლევან იზორია გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტებსა და როლს შეეხო. მან  საერთაშორისო  უსაფრთხოების დამყარებისა და განმტკიცების საქმეში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოს  მნიშვნელოვანი  წვლილი  და ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია აღნიშნა.  

 

მინისტრი   ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან  თავდაცვის სფეროში საქართველოს  თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და სამხედრო განათლების, სტრატეგიული კომუნიკაციების, გენდერული  თანასწორობის, კიბერუსაფრთხოების  სფეროს განვითარების კუთხით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ამ მხრივ,  ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

 

სემინარის მონაწილეებს საქართველოში ავსტრიის ელჩი, არად ბენკო მიესალმა.  ავსტრიელმა დიპლომატმა მსოფლიოსა და ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს სამოქალაქო და უსაფრთხოების სექტორთან,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. სემინარის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ავსტრიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ერიხ ზიმბურგერი დაესწრნენ.

 

შეხვედრა  ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯის (ESDC) ორგანიზებით, ასევე ავსტრიისა და ლიტვის რესპუბლიკების თანაორგანიზებით ტარდება.  სპეციალურად ღონისძიებისთვის ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროზე სასაუბროდ საქართველოში  ევროკავშირის წამყვანი მკვლევარები ჩამოვიდნენ. სემინარში მონაწილეობენ ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთის და უკრაინის 40-მდე საჯარო მოხელე. ფორმატი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ თანამშრომლობა აღნიშნულ ქვეყნებთან.

ვიდეო რეპორტაჟი