ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კიბერუსაფრთხოების ბიუროში
8 თებერვალი 2018

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია. იური ლუიკი ბიუროში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლელა ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. მათ მასპინძლობა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა გაუწია. როდიონ ქორჩილავამ სტუმრებს ბიუროს ისტორიის, მიზნების, ამოცანების, სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ბიუროს ხელმძღვანელმა ესტონურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების საქმეში ესტონეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს. 

შეხვედრას ესტონეთში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი, საქართველოში ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა, ასევე, ესტონეთის დელეგაციის წევრები და კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ.

საქართველო და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების სფეროში 2013 წლიდან თანამშრომლობენ. საქართველოში კიბერუსაფრთხოების ბიუროს ჩამოყალიბების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ესტონური მხარე, ესტონელი ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ლევან იზორია მასპინძლობს.

 

ვიდეო რეპორტაჟი