IV მექანიზებულ ბრიგადაში დოკუმენტური ფილმის „თავდასხმის მოლოდინში“ ჩვენება გაიმართა
22 იანვარი 2018

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, CineDOC-Tbilisi-ის ტურის თანამშრომლობის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის, ,,თავდასხმის მოლოდინში'' (WAITING FOR INVASION) ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიტვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი, IV მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა, ლელა ჩიქოვანმა ნატოსთან თავსებადობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მასპინძლობისთვის, მან ლიტვა-საქრთველოს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.

დოკუმენტური ფილმი ლიტვის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხულ წვევამდელთა და მოხალისეთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ფილმის გმირები 9 თვის განმავლობაში სამხედრო მომზადების კურსს გადიან, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს. წვევამდელები განმარტავენ იმ მიზეზებს, რის გამოც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა გადაწვიტეს. ისინი აცხადებენ, რომ სამშობლოს სამსახურში ყოფნა მათი პირდაპირი ვალდებულებაა.

,,თავდასხმის მოლოდინში'' გადამღებმა ჯგუფმა „Rogan Production“-მა ლიტვის კინემატოგრაფიის ცენტრისა და ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ორგანიზებით მოამზადა. ფილმი 2017 წელს, მას შემდეგ გადაიღეს, რაც ლიტვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღდგა.

ფილმის ჩვენება შეიარაღებულ ძალებში ლიტვის წვევამდელთა სისტემის გაცნობას და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ვიდეო რეპორტაჟი