ახალწვეულების ფიცის მიღება სენაკში
27 დეკემბერი 2017
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 88 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის მიღების ცერემონიალი სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.
 
შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება წვევამდელებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ქართულ ჯარში ღირსეული მსახური უსურვა. ფიცის დადების ცერემონიალს დასავლეთ სარდლის მოადგილე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ფიცის დადებამდე ახალწვეულებმა განახლებული საბრძოლო მომზადების კურსი II და III ქვეით ბრიგადებში გაიარეს. ცხრა კვირის განმავლობაში მათ წესდება, სავალე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, ასევე ტოპოგრაფიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები გაიარეს. დღეიდან ახალწვეულები II და III ქვეით ბრიგადებში გადანაწილდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.