თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის ხელმძღვანელებთან
5 დეკემბერი 2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. აკადემიის პრეზიდენტთან, კარლ-ჰაინც კამპთან და დეკანთან, პოლკოვნიკ, კლაუს ჰანდელთან შეხვედრა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარებას, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიასა (BAKS) და DIB სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. ლევან იზორიას განცხადებით, იგეგმება რეგიონული კონფერენციების ორგანიზება და უსაფრთხოების იმ არქიტექტურის განმტკიცება, რასაც ევროპის უსაფრთხოება ჰქვია. ამ თვალსაზრისით, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, სკოლის გერმანელი მრჩეველი, კონრად ვუდტკე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე პაიჩი დაესწრნენ.

დღესვე, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) წარმომადგენლები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრებიან, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. გერმანია სკოლას როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტების ჩართულობის კუთხით აქტიურად უჭერს მხარს.

ვიდეო რეპორტაჟი