GDRP-ის ფარგლებში საბრძოლო სროლებით პირველი სწავლება გაიმართა
27 ოქტომბერი 2017

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP) პირველი სწავლება იმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის III ოცეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP) საბრძოლო მომზადებას გადის. ქართველ სამხედროებს აშშ-ის ევროპული სარდლობის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (Joint Multinational Readiness Center) და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები წვრთნიან.

ოცეულს პრაქტიკული მეცადინეობები ვაზიანის მე-4 სასროლეთზე ჩაუტარდათ. საბრძოლო მომზადება ათეულის ან ოცეულის მიერ საბრძოლო ვაზნებით შეტევის ჩატარებას და მანამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა. სამხედრო მოსამსახურეებმა როგორც ფუჭი, ასევე საბრძოლო ვაზნებით ბუნკერზე შეტევის ოპერაციები განახორციელეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელი გეგმის შესაბამისად, საბრძოლო სროლები მიზნად ქართული ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავს.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი