საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა
11 ოქტომბერი 2017

ბათუმში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ ნურეთინ ჯანიკლის საქართველოს მიმართ თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატებში თავდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია. ამ კონტექსტში კი, მათ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც რეგიონალურ კავშირებს უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში კიდევ უფრო აძლიერებს.

ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ურყევ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავინდებურად გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და საერთო ფასეულობების დაცვას. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დროულ იმპლემენტაციაზე გაამახვილა, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა თამაშობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს, მათ შორის სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების კუთხით. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ურთიერთობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს.

ვიდეო რეპორტაჟი