პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის იუბილე
3 ივლისი 2017

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები, მოწვეული სტუმრები და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ცერემონიალზე სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და ბესიკ ქუთათელაძის მეუღლე გამოვიდნენ. სამთო სკოლის პირად შემადგენლობასთან ერთად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს პოლკოვნიკი ქუთათელაძე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

1991 წლის 1 ივლისს ამჟამინდელ პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე ზემო იმერეთის სადროშო, შემდგომში მე-16 სამთო ბატალიონი დაარსდა, რომელსაც საფუძველი ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. ბატალიონმა მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მიიღო. 1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს პოლკოვნიკი ბესიკ ქუთათელაძე მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა. ბატალიონმა სხვადასხვა ბრძოლებში 21 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

სხვადასხვა დროს ბესიკ ქუთათელაძე არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად, იყო საჩხერის რაიონის პირველი პრეფექტი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 მაისის ბრძანების N738-ის საფუძველზე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.