ლევან იზორია - „თავდაცვის მინისტრის საუკეთესო მრჩევლები გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები არიან
30 დეკემბერი 2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი უწყებაში პირველ რიგში მაღალი რგოლიდან დაიწყო და მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და ასევე, ცალკეულ დანაყოფებში არსებული მრჩევლის პოზიციები გაუქმდა, რამაც ჯამში უწყებას მილიონ ლარზე მეტი დანაზოგის გაკეთების საშუალება მისცა.

ლევან იზორიას თქმით, თავდაცვის მინისტრის საუკეთესო მრჩევლები დღეს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები არიან. შესაბამისად ცალკე შტატის არსებობის აუცილებლობა არ არსებობდა.

„თავდაცვის მინისტრის საუკეთესო მრჩევლები გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები არიან. ამ ადამიანებს დიდი ღვაწლი აქვთ თავისი ქვეყნის წინაშე. თითქმის ყველგან, სადაც ქართველი ჯარისკაცი უნდა მდგარიყო, მათთან ერთად იდგა გენერალური შტაბის უფროსი. ამ კაცმა და მისმა გუნდმა მიიღო საუკეთესო განათლება დასავლეთის ქვეყნებში და თუ ვინმეს ვკითხავ რჩევას, პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანებს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით ერთადერთი შტატი, სადაც მრჩევლის პოზიცია შენარჩუნდა ეს ეკონომიკური მიმართულებაა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მინისტრის თქმით გუნდურად მიიღება.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული სწორედ გუნდის მიერ მოხდა. ეს არ არის ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები. საბოლოო ნაბიჯამდე მე გავდივარ მაქსიმალურ კონსულტაციას პროფესიონალებთან და ეს პროფესიონალები არიან გენშტაბის ოფიცრები. მათ მიერ დანახული სტრადეგია, მათ მიერ შეჯერებული ხედვა და მათთან ერთად საერთაოშიროს ექსპერტების ჩართულობა განსაზღვრავს ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ვიდეო რეპორტაჟი