ლევან იზორია: „აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო გაძლიერდება“
30 დეკემბერი 2016

2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის სენატორის ჯონ მაკკეინის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნული ვიზიტით სენატორი მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს. „ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთან არის დაკავშირებული. სიმბოლურად ამ დღეს ჯონ მაკკეინის საქართველოში ჩამოსვლა ხაზს უსვამს იმას, რომ სენატორი და აშშ-ის ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის პიროვნება, რომელმაც 2008 წელს მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უფრო გაძლიერდება. ამის დასტურად შეგვიძლია აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეგახსენოთ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაღრმავებას ეხება. დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონი კარპენტერის სახით მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავდა, რომელთანაც სამ წლიანი თანამშრომლობის გეგმა გავაფორმეთ“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ს თავდაცვის სფეროში ამბიციური გეგმები აქვს და მომავალი წლების განმავლობაში ამ გეგმებს საქართველო მასთან ერთად განახორციელებს. „მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გატარებული რეფორმები ერთგვარი საფუძვლის შექმნაა იმისთვის, რასაც მომავალში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ. თავდაცვის უწყების ფარგლებში განხორციელებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების და ერთობლივი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სენატორ მაკკეინსაც გავაცნოთ ჩვენი გეგმები. დარწმუნებული ვარ მისი პიროვნული აქტიურობა და ჩართულობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამყარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლევან იზორია აშშ-ის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერასაც შეეხო. „ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. არსებობს საგარეო თავდაცვის ფონდი (FMF), რომლითაც აშშ ცალკეულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც ეხმარება. ამ ფონდში მობილიზებულია საკმარისი თანხები, რომ ჩვენი მხარდაჭერა მოხდეს. მარტო 2017 წლისთვის მობილიზებული თანხების რაოდენობამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სამ წლიანი გეგმის ფარგლებში ყოველ წელზე 20 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. „FMF“ თანხები ჩვენს ბიუჯეტთან ერთად კარგ შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, მეტი წვრთნისა და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა ასევე საშუალებას მოგვცემს საბრძოლო მზადყოფნით უფრო მაღალ ხარისხში ვიყოთ ვიდრე ვიყავით წარსულში“.

ვიდეო რეპორტაჟი