ლევან იზორია: „ჩვენი რეფორმა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამყარებასა და განმტკიცებას უკავშირდება“
30 დეკემბერი 2016

„თავდაცვის უწყების მთავარი პასუხისმგებლობა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველყოფაა“ - ამ სიტყვებით შეაჯამა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების აუცილებლობა ქართული მედიისთვის სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა განმარტა, რომ რეფორმის ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება იმ ვალდებულებით არის განპირობებული, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე აიღო მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ეფექტიანად დასაცავად, ასევე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოსთან თავსებადობა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და სათანადო აღჭურვა - სწორედ ის მთავარი მიზანია, რის მისაღწევადაც თავდაცვის უწყებაში პრინციპული მოქმედებებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

ლევან იზორიამ რეფორმის აუცილებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფინანსების არათანაბრად და არაპროპორციულად განაწილება დაასახელა. „უწყების ხელმძღვანელები, ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებიც, თანხმდებოდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროში ბიუჯეტის თანხების უდიდესი ნაწილი, თითქმის 70 პროცენტი, სახელფასო უზრუნველყოფაზე, სოციალურ დახმარებაზე იხარჯებოდა. ეს კი ნატოს სტანდარტებისგან შორს იყო. ამიტომ, აუცილებელი გახდა პრინციპული მოქმედება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. თავდაცვის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სახელფასო უზრუნველყოფას და სოციალურ დახმარებებს 32 მილიონი მოაკლდა. თანხა კი, ინფრასტრუქტურასა და საქონლის შეძენაძე მომსახურებაში გადანაწილდა“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

მედიის წარმომადგენლებს ლევან იზორიამ ის კონკრეტული ნაბიჯები გააცნო, რაც ოპტიმიზაციის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში გადაიდგა: „ოპტიმიზაცია, სწორედ, მმართველი რგოლიდან დაიწყო. უარი ვთქვით მრჩეველთა ინსტიტუტზე, კერძოდ, მინისტრების, მოადგილეების და გენერალური შტაბის უფროსის მრჩევლებზე. ამ გადაწყვეტილებით მილიონამდე ლარი დაიზოგა. მეორე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ის, რომ ოფიცრებზე კომპენსაციები გაიცა. მომავალ წელს ვგეგმავთ მნიშნველოვანი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართული იქნება კვალიფიკაციის და ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე. შესაბამისად, ოფიცრებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება, აღარ გაეგრძელებინათ სამხედრო სამსახური და სანაცვლოდ მიეღოთ კომპენსაცია. მთლიანობაში, ამ კომპენსაციამ 5 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა. ჩვენ დაახლოებით 209 ოფიცერს მივეცით აღნიშნული კომპენსაცია“.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოპტიმიზაციის ფარგლებში კარიერული ზრდის ხელშეწყობაც. როგორც მან განმარტა, ახლა უკვე ახალგაზრდა ოფიცრებს, რომლებიც კვალიფიკაციის ოთხოვნებს აკმაყოფილებენ, დაწინაურების შესაძლებლობა მიეცემათ. „ამ ნაბიჯით ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინსტიტუტის სიმყარეს, კარიერული დაწინაურების შესაძლებლობას და ახალგაზრდა, მოტივირებული, დასავლეთში განათლება მიღებული ოფიცრების წარმატებულ სამსახურს თავიანთი ქვეყნის სამსახურში“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

ლევან იზორია ცალკეულ ქვედანაყოფებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესსაც შეეხო: „გენერალურ შტაბში გაუქმდა გარკვეული დეპარტამენტები, რომელიც წმინდა სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდნენ. თუმცა, ამ ფუნქციებზე უარი არ გვითქვამს. შევინარჩუნეთ ოპტიმალური რაოდენობა და მოხდა მათი სამოქალაქო ოფისში თავმოყრა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გავაანალიზეთ და გამოვიკვლიეთ თანაფარდობა მათ მიერ განხორციელებული ოპერატიული, საგამოძიებო მოქმედებებისა, ავიღეთ სტატისტიკა, ასევე გამომძიებლების და ოპერატიული მუშაკების რაოდენობა. თანაფარდობა ძალიან არაპროპორციული იყო. შესაბამისად, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რაოდენობა თანაზომიერი იმ საქმეებისა გამხდარიყო, რაც სამხედრო პოლიციის მუშაობის ფარგლებში არსებობს. ჩატარდა ტესტირება და შეფასების შედეგად საუკეთესონი გამოვავლინეთ. სწორედ, ეს ოპტიმალური რაოდენობა გააგრძელებს მომავალში სამსახურს“. სამხედრო პოლიციის ბატალიონებიდან სამოქალაქო პირების დათხოვნის მიზეზად კი, მინისტრმა ნატოს სტანდარტები დაასახელა: „ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ბატალიონები დაკომპლექტებულია სამხედრო პირებით და არა სამოქალაქო პირებით. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა ამ სტანდარტებთან მიახლოება, უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი სტრუქტურები, რომელიც ამ სტანდარტების თავსებადია“.

ლევან იზორია ჰაუპტვახტის ინსტიტუტის გაუქმების შედეგად უფუნქციოდ დარჩენილ პირებსა და ეგრეთ წოდებულ „ვარსკვლავიან“ თანამდებობებსაც შეეხო და განმარტა, რომ 1 ნოემბრიდან შექმნილი კომისია და ქვეკომისია აფასებს თითოეული სამოქალაქო პერსონალის კვალიფიკაციას და მაღალი შეფასების შემთხვევაში, ისინი უწყებაში მუშაობას გააგრძელებენ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეტერანებს, რომლებმაც შესაძლოა ოპტიმიზაციის ფარგლებში სამსახური დაკარგონ. „მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ორი კვირის წინ ბატონმა პრემიერმა მთავრობის სხდომის ფარგლებში ცალკეულ სამინისტროებს დაავალა, რომ უპირატესად, სწორედ, მათი ინტერესები გაგვეთვალისწინებინა, რათა ცალკეულ პროგრამებში მოხდეს მათი ჩართვა. მომავალ წელს იგეგმება ვეტერანებისთვის გარკვეული ინიციატივების შეთავაზება, რომ მათ ჰქონდეთ უპირატესი უფლება დასაქმდნენ და სახელმწიფომ მათ ღვაწლს ღირსეულად ადეკვატური პასუხი გასცეს. ჩვენ შევადგენთ ამ ადამიანების სიას. პირადად ვიქნები პროცესში მთელი გულისხმიერებით ჩართული, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათთვის გარკვეული ალტერნატიული შეთავაზებების უზრუნველყოფა,“ - განაცხადა მინისტრმა.

წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის შესავლის დასასრულს ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ განმარტა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციის აუცილებლობა და აღნიშნა, რომ რეფორმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ვიდეო რეპორტაჟი