თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი დასრულდა
21 დეკემბერი 2016

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაასრულეს. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები საქართველოში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმა, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინი ბაქრაძემ გადასცეს. მათ კურსის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართეს, წარმატებები უსურვეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებითა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ასევე საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. წელს ზოგადი ინგლისური ენის კურსის სხვადასხვა დონე უწყების 30 სამხედრო და სამოქალაქო პირმა გაიარა. 120 საათიანი სასწავლო კურსის განმავლობაში, სტუდენტებმა ინგლისურ ენაში მოსმენის, წერისა და კითხვის უნარები შეისწავლეს. ყურადღება სასაუბრო ნაწილზე გამახვილდა, სადაც მონაწილეებმა ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ყოველდღიური საუბრისთვის საჭირო უნარები გაიღრმავეს.

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ვიდეო რეპორტაჟი