დანია სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების უწყებათაშორის სწავლებაში ჩაერთვება
16 დეკემბერი 2016
დანიის სამეფოს შიდა გვარდია თებერვალში, თბილისში დაგეგმილ სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების უწყებათაშორის სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დანიურმა მხარემ საქართველოს დელეგაციის კოპენჰაგენში ვიზიტისას მიიღო.
საქართველოს დელეგაცია ეროვნული გვარდიის უფროსის, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძის ხელმძღვანელობით დანიის სამეფოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ეროვნული გვარდიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დანიის შიდა გვარდიის სტაბილიზაციის ცენტრში, სადაც დანიის პოლიციის, შიდა გვარდიის და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს და სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის დანიური მოდელი გააცნეს. ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დანიელ კოლეგას, გენერალ ფინ უინკლერსაც შეხვდა.
საქართველოს ეროვნული გვარდია დანიის შიდა გვარდიასთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ექვსწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერით აშენდა ეროვნული გვარდიის სკოლა, მოეწყო სასროლეთები და გადამზადნენ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.