თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს
15 დეკემბერი 2016

თავდაცვის სამინისტროში საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებული კონკრეტული ღონისძიებები განისაზღვრა. დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე მომუშავე ფრანგი ექსპერტების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

ქართული და ფრანგული მხარეები პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატზე შეჯერდნენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სისტემის ნატოსთან თავსებადობის გაზრდას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.

ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „აღნიშნული ვიზიტი არის ნათელი დემონსტრირება, რომ ფრანგული მხარე აქტიურადაა ჩართული ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა მან.

საჰაერო თავდაცვის ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას.

ვიდეო რეპორტაჟი