ვარკეთილში დაღუპულ გმირთა სახელზე აშენებული ეკლესია აკურთხეს
13 დეკემბერი 2016
დღეს, წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ვარკეთილში ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე ვახტანგმა, წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხა. საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ეკლესიის კურთხევისა და წირვის დასრულების შემდეგ აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა და 2008 წელს დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის დედას მარინა გზირიშვილს ეკლესიის აშენებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა:

„ეს ეკლესია იმ ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად აშენდა, რომლებმაც ჩვენი ტვირთი და პასუხიმგებლობა აიღეს თავის თავზე და დატოვეს სახელი, რომელიც ჩვენ უნდა უკვდავყოთ. მეუფემ ბრძანა, რომ მნიშვნელოვანია მეხსიერება და მეხსიერება უკვდავყოფს სწორედ საქმეს, უკვდავყოფს სწორედ იმ დიდებული თავგანწირვის მაგალითებს, რომელიც არაერთი გვაქვს საქართველოს ისტორიაში. ამ ბიჭებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ჩვენი კულტურა, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი თითმყოფადობა და ამასთან ერთად დაგვაკისრეს ის დიდი ვალდებულება რასაც ჰქვია მათი სახელის პატივისცემა, რასაც ჰქვია ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის პატივისცემა და ჩვენ სწორედ ჩვენი ენერგიით ჩვენი შემოქმედებთ, ჩვენი ღვაწლით და ჩვენი სამსახურით ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე, კიდევ ერთხელ უნდა უკვდავყოთ მათი სახელები. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ქალბატონ მარინა გზირიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ამ ენერგიას არ იშურებდა, რათა ყველა აქ წარმოდგენილი დედის და ოჯახის პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და შესაბამისად ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ყოფილიყო კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც გმირი ბიჭების სახელს დღეიდან მართლაც მარადისობად აქცევს.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თოთოეული ოჯახის წევრს. თქვენ ხართ ჩემთვის სამაგალითო დედები, გმირი დედები. თქვენ ჩვენი დიდი ოჯახის წევრები ხართ. ამიტომ ჩემთვის, როგორც ამ უწყებაში დასაქმებული პიროვნებისთვის, რომელსაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის წინაშე, ეს პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თქვენს წინაშეც. მე ვისურვებდი, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად გვეტარებინოს, თქვენს მიმართ ყურადღების გამოხატვაში და იმ საქმეში, რასაც ჰქვია სამშობლოსადმი სამსახური. კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკვდავყოთ ამ ბიჭების სახელები“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიას საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდებოდა. მშენებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ერთიანი საქართველოსთვის 2008 წ. აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით განხორციელდა
ვიდეო რეპორტაჟი