სამხედრო მოსამსახურეებზე თელავში საცხოვრებელი ბინები განაწილდა
9 დეკემბერი 2016

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობა /საკუთრებაში გადაცემის კომისიის მიერ, 2016 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 17 სამხედრო მოსამსახურეს რეკომენდაცია გაეწია ქ.თელავში თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

ბინების განაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ეს ვალდებულება 2007 წელს, მინისტრის ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე აიღო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, სამინისტროს ბალანსზე კონკრეტულ მომენტში არსებული ქონების გათვალისწინებით.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. სამინისტრომ კონტრაქტით გათვლისწინებული ვალდებულებით 1092 ფიზიკური პირი უკვე დააკმაყოფილა. ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს რჩება 908 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან.