შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დაასრულეს
9 დეკემბერი 2016

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დასრულდა. კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები მონაწილეებს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილეებმა გადასცეს. ლელა ჩიქოვანმა და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს, კანადურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოში კანადის თავდაცვის ატაშე, კაპიტანი ივან ალაინი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ (EPPC) სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ინიციატივით, სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, კანადის ეროვნულ თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით ჩატარდა.

ათდღიანი თეორიული სწავლების განმავლობაში, მსმენელებმა საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვის პროცესში, მრავალეროვნული და რეგიონული სწავლების დონეზე, შტაბის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები შეისწავლეს.

კურსში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობა კანადის, უკრაინისა და მაკედონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ 28 ნომებრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

ვიდეო რეპორტაჟი