თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე მაიკლ კარპენტერთან გამართულ დისკუსიას დაესწრნენ
6 დეკემბერი 2016

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან გამართულ ღია დისკუსიას დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამართულ ღია დისკუსიას დაესწრნენ.

„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა - დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება“ იყო თემა, რომელზეც სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან ისაუბრა. ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. დისკუსიის ფორმატში მაიკლ კარპენტერმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში არსებული ახალი გამოწვევების კონტექსტში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ასევე თავდაცვის ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა. სტუმარმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები შეეხებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის, რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებულ მემორანდუმს და სხვა საკითხებს.

ღია დისკუსიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელიც დაესწრნენ. შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ კარპენტერი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.


ვიდეო რეპორტაჟი