აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე თავდაცვის მინისტრმა მიიღო
6 დეკემბერი 2016
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა სტუმარს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ლევან იზორიამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გატარებას განაგრძობს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მტკიცე მხარდაჭერა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს პოლიტიკის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება.
ლევან იზორიამ გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს კონტრიბუციაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2017 წლის ბოლომდე დარჩებიან.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმზე“, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. საუბარი შეეხო 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ხელი შეხვედრის შემდეგ მოეწერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონული უსაფრთხოება იყო. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის ახალი სტრატეგიული ხედვა შეიმუშავა, რომელიც ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. სტრატეგიული განვითარება წარიმართება 5 მიმართულებით: თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების ინტეგრირების ხარისხის გაზრდა; ძალების ოპტიმიზაცია; ძალების მზადყოფნა; ინსტიტუციური რეფორმები და საერთაშორისო ჩართულობა.
მინისტრმა მაიკლ კარპენტერს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესზე, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის ტრანსფორმაციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, გენერალური შტაბის წამყვან პოზიციებზე დასავლეთში განათლებამიღებული პროფესიონალები დაინიშნენ.
მხარეები აშშ-ის ახალ საწვრთნელ მისიას - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი სახის ჩართულობა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი სწავლებების Agile Spirit და Noble Partner მნიშვნელობა. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ერთობლივი წვრთნები, როგორც აშშ-საქართველოს ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ეგიდითაც.
თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის წარმომადგენელს ნოემბერში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული ნატო-საქართველოს სწავლების წარმატებით ჩატარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს მსგავსი სახის სწავლებებისა და გადასროლისწინა წვრთნებისთვის JTEC-ის ინფრასტრუქტურა შესთავაზოს.
ვიდეო რეპორტაჟი