ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა
2 დეკემბერი 2016

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა. ხუთდღიანი კურსის დახურვის ღონისძიებაზე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.

კურსის ოფიციალურ დახურვამდე კი, სინდიკატებად დაყოფილმა მონაწილეებმა სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და ორგანიზატორებთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში განხილული თემები და მათი აქტუალობა შეაჯამეს. მათ თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მისიებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე იმსჯელეს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ გაიმართა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

ვიდეო რეპორტაჟი