იენს სტოლტენბერგი - „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ნატოსკენ მის მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში“
2 დეკემბერი 2016

ნატოს სათავო ოფისში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძრვანელობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ. მხარეებმა შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ზოგადად სტაბილურობას რეგიონში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს და ალიანსს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებაზე გაამახვილა ყურადღება. „ნატოს გაფართოება ხელს უწყობს სტაბილურობას და მშვიდობას ევროპაში. ნატო მნიშვნელოვანი ელემენტია თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის. თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც უფლება აქვს თავისი გზა აირჩიოს. საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი. სხვა არავინ უნდა ჩაერიოს ამაში. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და საფრთხეს არავის უქმნის. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ნატოსკენ მის მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში. მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანეთში, გამოიჩინეს სიმამაცე. ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ეს ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენი ღირებულებების დაცვაში. საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა და განვავითაროთ“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე დღეა ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანსთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკსთან, კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტესთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან და ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელ ჯანი პიტელასთან.