ვაზიანში მანევრის კაპიტნის სასწავლო კურსი გრძელდება
2 დეკემბერი 2016

მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელთა მზადების მორიგი ფაზა საველე სწავლებით დასრულდა. წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გრძელდებოდა. კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს, სწავლების ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ ბრძანებები გაეცათ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართული პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მესამე ასეულისთვის, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფისთვის. ბრძანების თანახმად სწავლებაში ჩართულ ქვედანაყოფებს დასახლებულ პუნქტში არსებულ შენობებში გამაგრებულ პირობით მტერზე უნდა მიეტანათ იერიში და გაენადგურებინათ. ქვედანაყოფებმა ბრძანება წარმატებით შეასრულეს.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამხედროების მიერ, ჯავშანმანქანების დახმარებით, დაჭრილების ევაკუაცია მოხდა. მეწინავე ოპერატიულ ბაზა „გაგრაზე“ დაბრუნების შემდეგ კი, საერთო საჯარისო ცენტრისა და კურსის ხელმძღვანელებმა მსმენელებს სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე მიუთითეს. საველე სწავლებისას კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებმა თეორიაში ნასწავლი პრაქტიკულად განახორციელეს. სწავლებას საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი იროდი ქადაგიშვილი ესწრებოდა.

ვიდეო რეპორტაჟი