გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას თავდაცვის მინისტრი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში დაესწრო
23 ნოემბერი 2016

დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარკეთილში წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და ამ დღესთან დაკავშირებით მამა იოსებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ქართველი გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილეები და აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა მარინა გზირიშვილი ესწრებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა მშენებარე ეკლესია დაათვალიერა და ეკლესიის მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

მარინა გზირიშვილი: „სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს, განსაკუთრებით ქართულ ჯარს. თითოეულ მათგანს მინდა ვუსურვო, ბედნიერება, ჯანმრთელობა, გახარება და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ტაძარში იმყოფებოდა ჩვენი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მინისტრის მოადგილეები, რომლებიც პანაშვიდს დაესწრნენ. დაათვალიერეს ტაძარი და გამოთქვეს სურვილი, რომ ტაძრის მშენებლობის დამთავრებაში დამეხმარებიან, როგორც ფიზიკურად ისე ფინანსურად. სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო სიწყნარე, სიმშვიდე მინდა ბედნიერება სუფევდეს საქართველოში, რათა ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა, ზეცაში იზეიმონ ყველა დღესასწაული, რომ საქართველო ბედნიერია და ნამდვილად გამთლიანდება. ჩვენი ვაჟკაცების დაღვრილი უმანკო სისხლი ფუჭად არ ჩაივლის.“

ეკლესიას საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება. ეკლესია ერთიანი საქართველოსთვის 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების სახელზე აშენდა.

ვიდეო რეპორტაჟი