შეიარაღებული ძალების დროშა გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა გადაიბარა
23 ნოემბერი 2016

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმო ღონისძიებით პირველად აღინიშნა გენერალური შტაბის უფროსის გაცილება, რითიც საფუძველი ჩაეყარა შეიარაღებულ ძალებში ახალი ტრადიციის დამკვიდრებას. ვახტანგ კაპანაძემ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეიარაღებული ძალების დროშა გადასცა და შტაბის ხელმძღვანელობა გადააბარა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის სურვილი, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სამშობლოს თავდადებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

„ სიმბოლურია, რომ გიორგობას იმ ადგილზე და იმ ხალხთან ერთად ვატარებთ, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერისა და ხალხის სიმბოლოს. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმავების საქმეში. დღეს მადლობას ვეუბნებით გენერალ კაპანაძეს სამშობლოს სამსახურისათვის და ახალ მისიას და ახალ ვალდებულებას ვაკისრებთ გენერალ ჩაჩიბაიას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გადაბარების ცერემონიის მონაწილეებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ, ერთად ვამტკიცებთ ახალგაზრდა ქართული შეიარაღებული ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, მის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და მემკვიდრეობითობას. ჩვენმა ქვეყანამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით კი აშშ-სთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავდაცვის ინსტიტუციური განმტკიცების თვალსაზრისით. ადამიანები ქმნიან და იგივე ადამიანები საკუთარი მიუკერძოებლობით ამყარებენ ამ ინსტიტუტებს. ბატონი გენერლების რეკრუტირებით ისინი საუკეთესო მაგალითს ქმნიან საქართველოს შეიარაღებულ სისტემაში, ინსტიტუციური განგრძობადობისათვის. სწორედ, ასეთი ფაქტები ქმნიან შეიარაღებული ძალების მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. სწორედ, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა დაიცვან დისციპლინა და კანონის უზენაესობა მდგრადი და სტაბილური განვითარება სისტემის ფარგლებში.

ეს დღე ჩვენი წინაპრებისგან მიღებული სამხედრო ტრადიციების განმტკიცების კუთხითაც მნიშვნელოვანია. სწორედ თქვენ აგრძელებთ მათ საუკეთესო ტრადიციებს და ანვითარებთ ქართულ შეიარაღებულ ძალებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გენერალ კაპანაძეს ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჯარი მისგან წლების განმავლობაში გრძნობდა. მემკვიდრეობა განვითარებით მყარდება. ყოველი ეტაპი ჩვენს წინაშე აყენებს ახალ ამოცანებს და გამოწვევებს. ამ ამოცანებს სჭირდება ადეკვატური პასუხი და დარწმუნებული ვარ გენერალი ჩაჩიბაია ღირსეულად გაუმკლავდება მის წინაშე და თქვენს წინაშე დაკისრებულ ამოცანებს. ჩვენ ღირსეულად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან იყოს უფრო მაღალი. დღევანდელი დღის მნიშვნელობა ნათლად სწორედ დროშის გადაცემის ცერემონიალში გამოიხატება. დროშის და სამშობლოს დაცვა არის მარადიული საწყისები, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს ჩვენი მოდგმის უკვდავსაყოფად. ამ დროშის და ჩვენი ღირსების დაცვით უკვდავყობთ საქართველოს დიდებას, მისი მხედრობის სიძლიერეს და უდრეკობას,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

გადაბარების ცერემონიაზე მისულ სტუმრებს და პირად შემადგენლობას ასევე სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„დღეს ჩვენი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები დიდი გამოწვევების წინაშე დგას. იმისთვის, რომ მზად ვიყოთ და ადეკვატურად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი, კარგად ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული თანამედროვე შეიარაღებული ძალები. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია, მისი მოდერნიზება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება. მჯერა, რომ შეიარაღებული ძალების თითოეული წევრის საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც შეუძლია დასახული ამოცანების შესრულება,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა.

ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო კარიერა 1989 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა. იყო ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყის სამშვიდობო მისიაში, საგანგებო დავალებათა ელჩი, უფროსი მრჩეველი საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, უფროსი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში გაეროს დახმარების მისიაში (UNAMA) და ასევე იყო სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი. 2006 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, 2008-2009 გაერთიანებული შტაბის უფროსი. 2012 წლიდან 2016 წლის 21 ნოემბრამდე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;

ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაამთავრა საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, გავლილი აქვს აშშ-ში ქვეით ოფიცერთა ძირითადი კურსი, გენერალური საშტაბო-სამეთაურო ოფიცერთა კურსი და აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში.