გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა
22 ნოემბერი 2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი. ფინანსთა სამინისტრის პოსტი დატოვა ნოდარ ხადურმა და მის ნაცვლად კვირიკაშვილის მიერ დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა დასახელდა.
ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ზურაბ ალავიძე წარადგინეს.
მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ. უფრო კონკრეტულად, პოსტზე რჩებიან თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი.