უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს
21 ნოემბერი 2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით რამდენიმე საკითხია გათვალისწინებული, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს მოიცავს.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორია სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესსთან დაკავშირებულ საკითხებს უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად განიხილავს.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის შესახებ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელებს.

დღის წესრიგით ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის წარდგენის საკითხი. აღნიშნულ თემაზე მომხსენებლები იქნებიან საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობაზე სამი წლის ვადით ინიშნება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან შეთანხმებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.

ვიდეო რეპორტაჟი