შემფასებელთა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
18 ნოემბერი 2016
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეფასებით ამის გამო აღნიშნულმა კურსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
სწავლება 14-დან 18 ნოემბრამდე გრძელდებოდა და მასში 19 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 4 ქართველი, მონაწილეობდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და ნატოს შემფასებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბეჯები გადაეცათ.
მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა. მან კურსის დირექტორს, მაკედონიელ ვიცე-პოლკოვნიკ იგორ კუზმანოსკის და მის თანაშემწეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სიმბოლური ფასიანი საჩუქრები მიიღეს კურსის უცხოელმა თუ ქართველმა მონაწილეებმაც.
შემფასებელთა კურსის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებსაც დაესწრნენ და მისი შეფასებაც განახორციელეს.