მემორიალური დაფის გახსნა
2 მაისი 2015
რუსთავის N7–ე საჯარო სკოლაში აგვისტოს მოვლენების დროს გმირულად დაღუპული სამხედროების: კახაბერ თავგორაშვილის და ვახტანგ გზირიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფის გახსნის ინიციატივა დაღუპული გმირების სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ეკუთვნით.
მემორიალის გახსნის ცერემონიას კახაბერ თავგორაშვილის და ვახტანგ გზირიშვილის ნათესავებთან, თანამებრძოლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაქრო ინწკირველი და რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ. “მეშვიდე საჯარო სკოლაში, აღიზარდა ორი მებრძოლი, ვაჟკაცი ადამიანი, რომლებმაც სამშობლოსათვის გაწირეს თავი და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე,” - განაცხადა 42-ე ბატალიონის ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა გიორგი ჯინჭარაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი დაღუპულების ხსოვნას და აღნიშნა, რომ ყველას და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ბიჭები, რომლებმაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისათვის გაწირეს თავი. „მათ ხსოვნას პატივი უნდა ვცეთ მათ ოჯახებზე, მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზრუნვით. მე მჯერა – რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს და აღიარებს მათ სახელებს, თავდადებას და გმირობას,” განაცხადა ნიკა ძიმცეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი 1976 წლის 23 ივნისს, ქ. რუსთავში დაიბადა. ის სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის ინსტრუქტორთა განყოფილების ანტიტერორისტული მომზადების ინსტრუქტორის თანაშემწედ მსახურობდა. კახაბერ თავგორაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს სნაიპერის ტყვიით ცხინვალში, ე.წ. შანხაის ქუჩაზე დაიღუპა. კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი 1988 წლის 23 აპრილს, სმოლენსკის ოლქის, ქ. იარცევოშია დაბადებული. მისი ოჯახი საქართველოში 1990 წელს დაბრუნდა. კაპრალი გზირიშვილი მეოთხე ბრიგადის, 42–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევე იყო. იგი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში, დაბომბვის დროს დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი და კახაბერ თავგორაშვილი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით არიან დაჯილდოვებული.