თავდაცვის მინისტრი ჩოხატაურის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს შეხვდა
23 მაისი 2016

გურიაში სტუმრობის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი დაბა ჩოხატაურში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრი ადგილობრივ ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკავშირსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო სკოლის მოსწავლეებთან. საინტერესო თემებზე საუბრობდნენ. სწორედ, ეს არის ახალი საქართველო. მთავარი იმედი და რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ აუცილებლად ევროპულ სახელმწიფოდ იქცევა და იმ ოჯახში დაბრუნდება, სადაც ყველანი ერთად ვისწრაფვით, სწორედ, ეს ბავშვები არიან. ბავშვები, რომლებიც ორი საათის განმავლობაში დაჟინებით კითხულობდნენ დეტალებში ყველაფერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„ივლიტას ბიბლიოთეკაში“ შეხვედრა საინფორმაციო სააგენტო „გურია ნიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.