ხრიდოლი
2 მაისი 2015

შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების გუნდმა ხრიდოლის (ხელჩართული ბრძოლის სახეობა) ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა. ხელჩართულ ბრძოლაში მეორე პირად-გუნდური პირველობა თავდაცვის სამინისტროს სპორტულ კომპლექს “ორბში“ გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების 60 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირი კი 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრის მიზანი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ქართული ხელჩართული ბრძოლის  - ხრიდოლის დანერგვა და განვითარებაა. ხრიდოლი ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთ უძველეს სახეობას: ჭიდაობას, რკენას, კრივს, ფარიკაობას და მშვილდოსნობას აერთიანებს. ,,შეჯიბრებაში თითქმის ყველა ქვედანაყოფიდან მონაწილეობდნენ სამხედრო მოსამსახურეები. ჯარისკაცები ენთუზიაზმით ჩაებნენ შეჯიბრში; მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეომარი ძველ საბრძოლო ტრადიციებს იბრუნებს, რაც შემდეგში საბრძოლო მზადყოფნას და გამარჯვებისკენ წინსვლას განაპირობებს,"- განაცხადა შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა.

ტურნირი ხრიდოლში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.