ორმხრივი დაგეგმარების კონფერენცია
2 მაისი 2015
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მხარეებმა 2010 წლის პრიორიტეტები განსაზღვრეს. შეხვედრაზე კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.
კონფერენციაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ნოდარ ხარშილაძე და ნიკოლოზ ვაშაკიძე, თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამერიკული მხრიდან კი შეხვედრებს თავდაცვის  დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, საზღვაო ქვეითი ძალების წვრთნებისა და მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ ბრენდი და  ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ესწრებოდნენ.   
სამდღიანი კონფერენციის დასკვნით შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის  კონკრეტულ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა - თანამშრომლობა ძირითადად სამხედრო განათლების სფეროზეა ორიენტირებული – “მიმდინარე წლის პრიორიტეტები იქნება განათლების პროცესი და მართვის კონტროლისა და კომუნიკაციების გაუმჯობესება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში,” განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გლობალური უსაფრთხოების დაცვის სფეროში აქტიური მონაწილეობისთვის. “მოხარული ვარ, რომ დღეს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტი შევაჯამეთ, დავადგინეთ სამუშაო გეგმა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებზეა ორიენტირებული. ამ საკითხებზე ამერიკისა და საქართველოს მთავრობები ერთობლივად შეთანხმდნენ,” – განაცხადა ელჩმა.