ახალი კანონპროექტის განხილვა
2 მაისი 2015
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ვაზიანში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.
სხდომაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მთავრობის ინიციატივით და თავდაცვის სამინისტროს ავტორობით პარლამენტში შესული კანონპროექტის “საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. კანონპროექტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
"საქართველოს თავდაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით საქართველოს სამხედრო ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან. წარმოდგენილი კანონპროექტით სამხედრო-საჰაერო ძალები შევა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში. ცვლილების მიზეზი ორი სახეობის ურთიერთქმედების ეფექტურობის გაზრდაა.
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას ან რაიმე სახის დამატებით ხარჯს. ცვლილების მიხედვით –
საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება:
ა) სახმელეთო ჯარებისაგან;
ბ) სახმელეთო ჯარების სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან;
გ)საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისაგან.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა, საუბარია მართვის და კონტროლის გაუმჯობესებაზე – “გვჭირდება სწრაფი, მოქნილი და ოპერატიული შეიარაღებული ძალები. ამ კომპონენტების ურთიერთქმედება ყველაზე კარგი იქნება ერთი შტაბის ქვეშ. შიდა უწყებრივი დისკუსიები უკვე დამთვარებული გვაქვს;  ეს საკითხები გავლილი გვაქვს სამხედროებთან და უკვე გავა საპარლამენტო მოსმენებზე,” აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

“იგეგმება საჰაერო ძალების გაუქმება და მისი შეყვანა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი სამხედრო მოსამსახურეების შემცირებაზე; უბრალოდ, როგორც სახეობა ცალკე საჰაერო ძალები აღარ იარსებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვჭირდება ბუტაფორიულად ზედმეტი შტაბების არსებობა. პრაქტიკამ, მათ შორის ომის პერიოდში, ჩვენ დაგვანახა რომ საჰაერო ძალებს საქართველოში აქვს ძირითადი დატვირთვა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერაში. საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი მაგალითები - მაგალითისთვის, კანადის საჰაერო ავიაციის სარდლობა აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კანადას სტრატეგიული ავიაციაც გააჩნია. ამიტომ ჩვენ არ ვართ ამ საქმეში პიონერები. ეს ცვლილება ბევრად უფრო ადვილს გახდის მართვას კონკრეტული ოპერაციების პირობებში. ამიტომ ამას კომიტეტი მიესალმება,” განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.