გამარჯვების მეჩვიდმეტე წლისთავი
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მათ დღეს გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
16–17 მარტს 17 წელიწადი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართულმა არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია  რუსული არმიის, კაზაკების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკების მიერ სოხუმზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევას. 1993 წელს მდინარე გუმისტასთან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა  შემოტევა წარმატებით მოიგერიეს.   „ამ   დღეს 17 წლის წინ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზულ გამარჯვებას მიაღწიეს, რა თქმა უნდა, ეს დღე მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოსთვის, მაგრამ  განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, რადგან საუბარია სამხედრო გამარჯვებაზე. ეს მაგალითი, ეს მოვლენა არის ის ფსიქოლოგიური და სულიერი საფუძველი რაზეც ჩვენ ვაგებთ ჩვენი სამხედრო ძალების აღმშენებლობას და რაც გვისახავს იმის იმედს, რომ ჩვენ გვეყოლება ძლიერი, ეფექტური და სამშობლოს დასაცავად ყოველთვის მზადმყოფი  შეიარაღებული ძალები,“ განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. 
გიორგი ბარამიას განცხადებით კი ეს თარიღი მთელი საქართველოსთვის ატარებს ისტორიულ მნიშვნელობას – „1993 წელს, ჩვენმა ღირსეულმა მამულიშვილებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, რომელიც გაცილებით უფრო მეტი ძალებით იყო მობილიზებული. მე მინდა კიდევ ერთხელ მივაგო პატივი მათ ხსოვნას“.