ბესიკ ლოლაძის ორმხრივი შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში
27 იანვარი 2016

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს, პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დირექტორთან ალბერტო ბინთან შეხვედრისას მხარეებმა კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ალბერტო ბინმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა.

ბესიკ ლოლაძე ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ მარიეტ შურმანსაც შეხვდა. ელჩის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება წარმატებით მუშაობს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ცვლილებები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითია. მარიეტ შურმანი მიიჩნევს, რომ საქართველომ გამოცდილება რეგიონის ქვეყნებსაც უნდა გაუზიაროს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაეროს 1325-ე და თანმდევი რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორცილებაში წამყვან უწყებად დასახელდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნატოს შტაბ-ბინაში ნორვეგიის მისიის ხელმძღვანელსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ნორვეგიის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება. ბესიკ ლოლაძემ ნორვეგიულ მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.