„ალფა“ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
24 იანვარი 2016

III ქვეითი ბრიგადის 130 სამხედრო მოსამსახურე უკვე სამშობლოშია. 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთიდან დღეს საღამოს დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ანა დოლიძემ და დავით ებრალიძემ მიულოცეს.

„მშვიდობიანად ჩამოგვივიდა მესამე ბრიგადის ასეული. დიდი მადლობა გადავუხადეთ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის. მთავარი არის, რომ ყველა მათგანი ჯანმრთელი ჩამოვიდა", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ.

აეროპორტში ქართველ სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დახვდნენ.

„მაზარ-ი-შარიფიდან დაგვიბრუნდა მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული, რომელიც ასრულებდა სწრაფი რეაგირების ჯგუფის ამოცანებს გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში. 130 სამხედრო მოსამსახურე მშვიდობით დაგვიბრუნდა“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული იმავე დანაყოფის „ბრავო“ ასეულმა ჩაანაცვლა.

ვიდეო რეპორტაჟი