სროლები მთაგორიან რელიეფზე შუალედური სამთო კურსის ფარგლებში
22 იანვარი 2016

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურე მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკის დახვეწას ეუფლება.

ქართველ სამხედროებთან ერთად თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილი ჯარისკაცები ნეგატიურ, პოზიტიურ და ფერდობიდან ფერდობზე სროლებში ერთი კვირის განმავლობაში მოემზადებიან. სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება უწევთ.

სამხედროებმა მომზადება დროში სროლაშიც გაიარეს. მათ 100, 200 და 300 მეტრ დისტანციებზე სამიზნეები 40 ვაზნით 2 წუთის განმავლობაში უნდა დაეზიანებინათ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით შეფასდა.

„ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) მიმდინარე შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. კურსს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.

ვიდეო რეპორტაჟი