სამხედრო პერსონალის შეხვედრა ჰოსპიტალში
21 იანვარი 2016

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო პერსონალის საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში ჰოსპიტალის დირექტორმა კაპიტანმა გიორგი მაისურაძემ სამხედრო ნაწილების ექიმებს ქვეყანაში არსებული გრიპის ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ანა დოლიძემ მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან პროაქტიურ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება შეიარაღებულ ძალებში ვირუსული გრიპის ფართო მასშტაბით გავრცელების პრევენციას ახორციელებს.

„ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, დავგეგმოთ ღონისძიებები, რომ არ გავრცელდეს გრიპი ფართო მასშტაბით, განსაკუთრებით, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც, როგორც იცით, უფრო მეტად არის რისკის ქვეშ, რადგან ჯარისკაცები ერთად ცხოვრობენ, ერთად მიირთმევენ საკვებს. დღევანდელ შეხვედრაზე სამხედრო ნაწილების სამედიცინო პერსონალმა და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაცვალეს. შეხვედრის მიზანია, ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას, სრული და ადეკვატური ინფორმაცია მოვიპოვოთ და პრობლემის სწრაფად მოგვარებისთვის საჭირო გეგმები შევიმუშაოთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საინფორმაციო შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალმა სამხედრო ნაწილებში ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით ინსტრუქციები მიიღო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ვიდეო რეპორტაჟი