ტრენინგი კიბერუსაფრთხოების თემაზე
20 იანვარი 2016

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში კიბერუსაფრთხოების თემაზე პირველი კურსი გაიხსნა. კურსი ტრენინგების ციკლის - კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის ფარგლებში ტარდება. პროგრამა ესტონური მხარის ორგანიზებით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მხარდაჭერით, სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავდა.

ტრენინგი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ გახსნა. კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერიამ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა გიორგი ტიელიძემ. მათ კურსის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება კიბერუსაფრთხოების სფეროში ესტონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამდღიან ტრენინგს „ესტონეთის საინფორმაციო სისტემების სააგენტოს“ წარმომადგენლები უძღვებიან.

კურსის მიზანი საქართველოს კიბერსივრცეში მოქმედი საჯარო და კერძო უწყებების კიბერშესაძლებლობების განვითარებაა. კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკა, სახელმწიფო და კერძო სექტორთან ურთიერთობები და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა ტრენინგის ძირითადი თემებია. მსგავსი ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

ვიდეო რეპორტაჟი