შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
20 იანვარი 2016

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა უმასპინძლა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული პროექტების განხორციელების პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ჩამოყალიბების პროცესსა და პაკეტის ფარგლებში ნატოს სამხედრო სწავლებების ჩატარებაზე. შეხვედრას ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ.

21 იანვარს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში შტაბის უფროსების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება, სადაც მონაწილეები ავღანეთში ნატოს ოპერაციის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ამერიკელ, ფრანგ, გერმანელ და თურქ კოლეგებს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხედრები ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილესთან სერ ადრიან ბრედშოუსთან.